ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 20.04.2024, 06:18
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები

კურორტი ბაკურიანი

ულამაზესი ბუნება, საუკეთესო კლიმატური პირობები, ზომიერი თოვლის საფარი, ზღაპრული ტყით გარემოცული სოფელი, 240-მდე მოსახლით – აი, ბაკურიანის მოკლე დახასიათება მე-19 საუკუნის ბოლოს. საქართველოში მრავლადაა ასეთი სოფელი, მაგრამ მთელმა რიგმა გარემოებებმა თითქოსდა არაფრით გამორჩეული სოფელი საქართველოს და არა მარტო საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცია.

ვეცდებით, ამ დიდი გარდაქმნის ხელშემწყობი პირობები ჩამოვთვალოთ:

XIX საუკუნეში, ბორჯომის მინერალური წყალი, თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა, რამაც ბორჯომის ხეობის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. 1871 წელს ბორჯომის ხეობა რუსეთის მეფე ალექსანდრე II თავის ძმას, მიხაილ რომანოვს უბოძა, რომლის მმართველობის დროს ხეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ხეობაში მოიზიდეს ინვესტიციები, აშენდა მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო, დასასვენებელი სახლები და რკინიგზა, რომანოვის მმართველობის დროს (1898-1901) გაიყვანეს ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზაც.

სწორედ ის, „გუგული ("კუკუშკა") მატარებლის“ სახელით ცნობილი რკინიგზა, ბაკურიანის ახალი ცხოვრების დასაწყისის ძირითადი მიზეზი ხდება.

ბაკურიანში რკინიგზის არსებობამ, 1902-1910 წლებში, კოხტაგორის ფერდზე, როლოვისა და ფომინის ხელმძღვანელობით, მაღალმთის ბოტანიკური ბაღის შენება გააადვილა. ბოტანიკური ბაღის შენება და მისი სტუმართმოყვარე ხელმძღვანელი კოზლოვსკი აქ ჩამოსული დამწყები მოთხილამურეების ხელშემწყობნი ხდებიან.

ეს ყველა მნიშვნელოვანი მიზეზი თუ პირობა, თავისთავად, არაფერი იქნებოდა, რომ არა მთავარი ფაქტორი – ადამიანის დაუღალავი ოცნება, ჟინი და შრომა, რის ფასადაც შეიქმნა და აღორძინდა ლეგენდა და შემდეგ რეალობა – ბაკურიანი.

საქმით მეოცნებე ადამიანები, საბედნიეროდ, საკმაოდ აღმოჩნდნენ საქართველოში.

ევროპაში სათხილამურო სპორტის ბუმი იყო და საქართველოში ახალჩამოსული გიორგი ნიკოლაძე, თავის მეგობრებთან ერთად სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციაზე ოცნებას იწყებს. იგი პირველია, რომელსაც ბაკურიანში პირველი ქართველი მოთხილამურეები ჩამოჰყავს.

1934 წელს პტეს-მა (პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოება) იჯარით აიღო შემდეგომში ბავშვთა სანატორიუმის შენობა და იქ სამთო-სათხილამურო სკოლა და ზამთრის ფიზკულტურის სახლი დააარსა.

საჯიშე მელიების გამრავლებისათვის შესანიშნავმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა აქ 1932 წელს მენადირეობის მეურნეობის შექმნა, რომელიც 100 ჰექტარზე იყო განლაგებული. თავიდან მეურნეობას მხოლოდ 36 წყვილი რუხ-ვერცხლისფერი მელია ჰყავდა, რომელთა რიცხვმა 1952 წლისათვის 2600-ს მიაღწია. მეურნეობის თანამშრომლებმა, გ. გიორგიძის ხელმძღვანელობით, მელიების ჯიშების გაუმჯობესებაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მათ გამოიყვანეს და გაამრავლეს თეთრი მელიის ჯიში, რომელსაც შემდგომში «ქართული თეთრი მელა» ეწოდა. სპეციალისტების დასკვნით, ასეთი მელიის გამოყვანა დიდი იშვიათობაა, რაც დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ვერ შეძლეს.

1935 წელი ბაკურიანის, როგორც სათხილამურო ცენტრის, დაბადების წელია. იანვრის დასაწყისში აქ უკვე ხალხმრავლობაა. ჩამოვიდნენ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო დღეს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუდენტები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ინსტიტუტის სათხილამურო სექციაში. ინსტიტუტის თავკაცის, ბოჯგუას ხელშეწყობით, სტუდენტების საწრთვნელი შეკრებები ბაკურიანში ტრადიციად ქცეულა. ამ პერიოდში ბაკურიანში ჩამოდიან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარგზავნილებიც.

1935 წლის 6 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სამთო-სათხილამურო სკოლა და ფიზკულტურის სახლი. ეს მოვლენა იმდროინდელმა პრესამ ვრცლად გააშუქა. შკოლისა და სახლის უფროსი გოგი ბაქრაძე გახდა. ამავე წელს ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ნაკრებიც შემდეგი შემადგენლობით: მაყაშვილი, გელაძე, მიქაბერიძე, კოსმაჩევსკი, ფურცელაძე, გვალია, მოლოვიჩკო, ბოიკო, სმირნოვი, სელეზნიოვა. ღუსი მოთხილამურეები ბაკურიანის ჰავითა და მრავალფეროვნებით მოიხიბლნენ. მათ ბაკურიანს «საბჭოთა სათხილამურო სპორტის დედაქალაქი» შეარქვეს. ამავე პერიოდის პრესაში უწოდეს მას «საბჭოთა დავოსიც».

1950 წელს აქ აშენდა ჯერ 45, ხოლო შემდეგ – 75 მეტრიანი ტრამპლინი, რამაც უფრო მოიზიდა სათხილამურო სპორტის მოყვარულები.

საქართველოს პროფკავშირების თბილისი ტურისტულ-საექსკურსიო განყოფილების ინიციატივით 1951 წელს ბაკურიანში გაიხსნა საექსკურსიო ბაზა, რომლის მისია იყო ბორჯომისა და მისი ხეობის ღირსშესანიშნაობების სანახავად მოწყობილი ექსკურსიების ხელმძღვანელობა. საამისოდ ბაზას ჰქონდა სატრანსპორტო საშუალებანი, ჰყავდა გამყოლები და ლექტორები.

1954 წელს ბაკურიანში დაიდგა საბჭოთა კავშირში პირველი საბუქსირო გზა. დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ ამ წლამდე კოხტაგორის წვერზე მოთხილამურენი ფეხით ადიოდნენ და ტრასასაც ფეხით ტკეპნიდნენ.

1960 წელს დასრულდა ბაკურიანის ელექტრიფიცირება.

90-იანი წლების დასაწყისში ბაკურიანი ცარიელდება, ქვეყანაში არსებული რეალობით (სამოქალაქო ომები, ეთნოკონფლიქტები) სარგებლობენ მავანნი და წლების მანძილზე თაობების მიერ შექმნილი ოცნება თუ რეალობა – ტურბაზები, დასასვენებელი სახლები, საბუქსირო და საბაგირო გზები და ა.შ.) ნადგურდება, ბაკურიანი დიდ კრიზისს განიცდის.

მაგრამ, საბედნიეროდ, ბაკურიანის, როგორც იდეის, ოცნების მოკვლა შეუძლებელია. ამაზე მეოცნებენი კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს და მათ შეძლეს სიცოცხლე ბაკურიანისთვისაც გაეგრძელებინათ.

დღესდღეობით ბაკურიანი მეორედ იბადება: შენდება ახალი სასტუმროები, საბაგირო გზები, სათხილამურო ტრასები, იქმნება ახალი, ოცნების პროექტები. მათი შეჩერება, ალბათ, შეუძლებელია, ისღა დაგვრჩენია, იმ ადამიანებს, ვინც ამ ოცნებებისა და რეალური პროექტების უკან დგანან, წარმატება ვუსურვოთ – მათი, ბაკურიანისა და მათელი საქართველოს საკეთილდღეოდ.

მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz