ნახე საქართველო

ENG | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 27.04.2024, 15:48
მოგესალმები სტუმარი | | ENG
ზამთრის კურორტები
მოგზაურობა საქართველოში
დასვენება საქართველოში
დამატებითი სერვისები
ფოტო ალბომი
მეგობარი საიტები

ბორჯომი

საქართველო რომ კურორტების ნაკლებობას არ განიცდის, ახალი ამბავი ნამდვილად არაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრი მათგანის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის რთული საქმეა და დიდ დროს საჭიროებს. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას შევეცდებით და დღეს, თქვენს ყურადღებას ბორჯომზე შევაჩერებთ.

მდებარეობა
ბორჯომი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მისი ფართობი 1190 კვადრატული კილომეტრია. ტერიტორიის 60-65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. გეოგრაფიული მდებარეობა ხეობის თავისებურ ჰავას განაპირობებს. კლიმატური მრავალფეროვნება ბორჯომის, როგორც საკურორტო, ასევე სამკურნალო ზონის როლს კიდევ უფრო ზრდის. დასახლება მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. რეგიონში თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი იცის. სასიამოვნო ჰაერი და ბუნებრივი პირობები ამ ადგილს მიმზიდველსა და დაუვიწყარს ხდის.

 
ღირსშესანიშნაობები
უშუალოდ ბორჯომი მდიდარია სანახაობებით. ასეთია, მაგალითად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც მთელს კავკასიაში ერთ–ერთი პირველია. აქ ტყეების დიდი ნაწილი ხელუხლებლად არის შენარჩუნებული. პარკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 9 ძირითადი ტურისტული მარშრუტი. ასე რომ, ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ, ცხენებით დაათვალიერონ მიდამოები და ღამე ტყეშივე, სპეციალურ პატარა სახლებში გაათიონ. ბილიკების უმრავლესობა აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს.
საინტერესოა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც ერთ–ერთი უძველესია. შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული, 1890 წელსაა აშენებული და უნიკალურია თავისი არქიტექტურით. მუზეუმში დაცულია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა სახის ექსპონატი. გახსნილია რამდენიმე ექსპოზიცია, რომლებშიც ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული ნიმუშების გარდა, პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღებია წარმოდგენილი.
ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებითა და სამონასტრო კომპლექსებით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ მწვანე მონასტერს, ქვაბისხევის წმ.მარიამის ეკლესიას, დაბის ეკლესიასა და სხვა. საკურორტო ქალაქს ჩრდილო-დასავლეთიდან გოგიას ციხე დაჰყურებს თავს. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში XIV საუკუნეზე გვიან არ გვხვდება. მისი ქონგურებიდან ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი სანახავია. ციხე ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.
 
მინერალური წყლები
და ბოლოს, ის, რაც ყველაზე მთავარია და რისთვისაც სტუმრობენ ძირითადად ბორჯომს - მინერალური წყლები, რომლებზეც უკვე ლეგენდები დადის. წყალი მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებითა და მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ხეობაში რამდენიმე წყარო ამოდის და ყოველი მათგანი განსხვავებული თვისებებით ხასიათდება. დღეს ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. თუმცა ლეგენდაზე შეიძლება უმეტესობას არც კი სმენია. ამბობენ, რომ სადაც ამჟამად პარკია გაშენებული, ადრე გრენადერთა პოლკი იყო დაბანაკებული. ხეების ჭრის დროს, შემთხვევით, მიწის სიღრმიდან მოჩუხჩუხე წყაროს გადაჰყრიან. უგემრიელესი წყალი უცნობი დაავადებით დატანჯულ პოლკის უფროსსაც გამოუყენებია და განკურნებულა. წყლის უნიკალურობას ახლა უკვე საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც ადასტურებს.
განახლებულ ბორჯომ–პარკში, რომელიც შარშან, 12 აგვისტოს გაიხსნა, წყლისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. მალე ის შუშით დაიხურება და მინერალური წყლის წაღება ყველა მსურველს ძველებურად შეეძლება. იქვე პარკში მოწყობილია კინოთეატრი, ატრაქციონები ბავშვებისთვის, სპეციალური შემინული დარბაზი, სადაც საქართველოს მაკეტი ინახება. რესტორნების, ბარების, სპორტ–კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებებისთვის განკუთვნილი ტერიტორიები უკვე არენდითაა გაცემული და მალე ამოქმედდება. საბაგირო კვლავინდებურად ფუნქციონირებს. პარკს პოლიცია იცავს, შესაბამისად, უსაფრთხოებაც დაცულია.
 თბილი მინერალური წყალი ლიკანშიც მოიპოვება. ძველი სანატორიუმი დამსვენებლებს სხვადასხვა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით ემსახურებოდა. ახლა შენობა გაყიდულია და არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა თავის ფუნქციას მომავალში.
ეს ადგილი თავისი სილამაზით ძველი დროიდანვე ცნობილია და ახლაც არ კარგავს აქტუალობას. სავსეა დამსვენებლებით, განსაკუთრებით კი ბავშვებით, რომელთა ჯანმრთელობაზე მშობლები ადრეული ასაკიდანვე ზრუნავენ. თუმცა, ასაკს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კურორტზე დასვენება ხომ ყველასთვის ერთნაირად მისაღები და სასარგებლოა.
 



მოგზაურობა საქართველოში
მოგზაურობა საზღვარგარეთ
დასვენება საზღვარგარეთ
ეგვიპტე
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024 | Website builder - uCoz