ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - ჯვრის მონასტერი ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. იგი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთის წვერზე.
586/7 - 604 წლებში გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I -მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი - დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს და ინტერიერში მოაქცია იგი.
ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით. შენობის ბირთვს შეადგენს კვარდატი, რომლის თავზეც აღმართულია 8- წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. ძველი და ახალი ეკლესიები შემდეგში გაერთიანდა შემაერთებელი კარიბჭით. შენობა დიდი არ არის (მისი ზომებია 22მ X 19მ, სიმაღლე 25 მ ), მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადი მოპირკეთებულია მოვარდისფრო - ქვიშისფერი თლილი ქვით.
მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. აგრეთვე იგი პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის გაფორმებაშიც არსებითი ადგილი უკავია რელიეფურ ქანდაკებებს. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს.
XVII- XVIII საუკუნეებში, როცა გახშირდა შემოსევები, ჯვრის მონასტერს გალავანი შემოავლეს. დღემდე შემორჩენილია მისი ფრაგმენტები და ზრუდეში ჩართული ნახევრად დანგრეული კოშკები. 1997-1998 წლებში გალავანი ნაწილობრივ აღადგინეს. 1989 წლიდან ჯვრის მონასტერში ისევ აღსდგა ღვთისმსახურება.
მცხეთის ჯვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.