ქობულეთი
აჭარის ზღვის კლიმატური კურორტებისგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა კურორტი ქობულეთი, რომელიც მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთიანეთის სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობზე, ქ. ბათუმიდან 25 კმ.-ის დაშორებით. იგი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს ზღვასთან და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად აქ ერთმანეთთანაა შეთავსებული თალასოთერაპია და სხვა სამკურნალო პროცედურები.
სარფი, გონიო და კვარიათი
საკურორტო ადგილები გონიო, კვარიათი და სარფი ბათუმის სამხრეთით, მისგან 13-18 კმ.-ის დაშორებითაა განლაგებული. სარფი კი უშუალოდ საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. ზღვის ამ შესანიშნავ კურორტებზე წყლის საშუალო ტემპერატურა ივლისში +250ც-ზე ადის. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა. თვისებებით მას კურორტ იალტას ამსგავსებენ.
საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭვირვალეა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც.
სარფი, გონიო და კვარიათი საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდების დასვენების საყვარელი ადგილებია. აქ, ისევე როგორც აჭარის სანაპირო ზოლის სხვა კურორტებზე, მთელი დღე გაისმის მოცურავეების, პლიაჟზე გასარუჯად წამოწოლილების, სკუტერზე, წყლის ველოსიპედსა თუ ზღვის "ბანანზე" ამხედრებული დამსვენებლების ხმაური და სიცილი. დაბნელებისთანავე საყოველთაო მხიარულება რესტორნებში, კაფე-ბარებში და ბუნგალოებში გადაინაცვლებს ხოლმე და დილამდე გრძელდება.
აჭარის შავიზღვისპირეთის კურორტები რეკომენდირებულია გულსისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემის, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების, სახსრებისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.